კახა კალაძე - ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება
კახა კალაძე - ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის შედეგები პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისა და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

„ტაქსების რეფორმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. პირველ რიგში, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავინ არავის ავალდებულებს და არაფერს აძალებს. არის ორი მიმართულება, რომლითაც შეუძლიათ მათ რომ ისარგებლონ: A კატეგორიის ლიცენზია და B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაღებვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. მესმის, არსებული სოციალური მდგომარეობა. ძირითადად, ეს ადამიანები იმიტომ არიან ამ საქმიანობით დაკავებულები, რომ უჭირთ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში მუშაობს და შემდეგ მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და ამ ადამიანებს რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონოდათ, ვაუჩერების გადაცემა გადავწყვიტეთ. კომპანია, რომელმაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, თავის ვალდებულებას შეასრულებს და ტაქსის მძღოლებს გადაღებვაში არც ერთი თეთრი არ დაეხარჯებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რეფორმის გატარების აუცილებლობა სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ბაზარი დარეგულირდეს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს.

„რაც კი რეფორმა წამოვიწყეთ, პარკირების, ტაქსებისა თუ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება არის, რომ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ. ჩვენ „არაფრის“ საკეთებლად არ მოვსულვართ და საჭიროა ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც განავითარებს ჩვენს ქალაქს და ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემას.

დღეს, გვაქვს სრულად დერეგულირებული ტაქსის ბაზარი და არაჯანსაღი კონკურენცია, რაც ქმნის ე.წ. დემპინგურ ფასებს, მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდება ფასების მინიმიზაცია. ამით, პირველ რიგში, ტაქსისტები ზარალდებიან. დღეს, ტაქსის ბაზარი არ ეკუთვნით მხოლოდ ტაქსისტებს, ის ეკუთვნით ტაქსისტებს და აგრეთვე ადამიანებს, რომლებიც დამატებით შემოსავალს ეძებენ. ისინი არ არიან ტაქსისტები და ეს მათთვის პარალელური საქმიანობაა. ჩვენ ორივე კატეგორიის მომსახურების გამწევებს ვთავაზობთ იმავე ფორმატით სერვისის გაგრძელებას, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ.

არსებობს A კატეგორიის, ე.წ. ქუჩის ტაქსი, რომელიც ქუჩიდან ახდენს მგზავრის აყვანას და არის ბრენდირებული და არსებობს B კატეგორია, რომელსაც ვიზუალის, ფერის სტანდარტი არ აქვს, არც მანათობლის გამოყენება სჭირდება და ეკრძალება კიდევაც, შეუძლია აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. „რაითშეარინგის“ პრინციპში ჩაერთოს და გააგრძელოს შემოსავლის მიღების მიზნით, მგზავრის გადაყვანა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება რეგულაციების გადახედვის საკითხს, ვიცე-მერის თქმით, რეფორმის გადავადება არ იგეგმება და მისი მეორე ეტაპი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

„დღეს, თუ ტაქსის ბაზარზე მოძრაობს 27 000 ლიცენზირებული ტაქსი, ეს გაიყოფა სულ ცოტა ორზე და ქუჩის ტაქსის ბაზარს მხოლოდ ბრენდირებული ტაქსები დაიკავებენ. თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მანქანას არ გადაღებავს, რადგან რეფორმამ გადაიწიოს, ჩვენ ამ რეფორმის გადავადება სწორად არ მიგვაჩნია. ერთი წლის წინ ვთქვით ამის შესახებ და ტაქსის მძღოლებს მოსამზადებელი დროც მივეცით“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული რეფორმა ემსახურება ტაქსის ბაზრის განვითარებას და მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმდინარეობდა. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობდა.