კახა კალაძე - სვანები მაღალი ღირსების, პატრიოტი ხალხია, ვინც განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს
კახა კალაძე - სვანები მაღალი ღირსების, პატრიოტი ხალხია, ვინც განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს

სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო სრულიად საქართველოს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან, ულამაზესი მესტიიდან, ადგილიდან, სადაც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ცა-მიწას ერწყმის, სადაც პრაქტიკულად წაშლილია ზღვარი რეალურსა და ზღაპრულს შორის. სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს. ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და უძველესი სალოცავებით გარშემორტყმული ხალხისთვის ბუნებრივია, ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თქვენც სათუთად უფრთხილდებით და იცავთ წინაპრების დანატოვარს, ისევე, როგორც უძველეს სვანურ ენას, რომელიც მთელი საქართველოსთვის ნამდვილად საამაყოა. ასეთ პირობებში გაზრდილ ადამიანს, ბავშვობიდან სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვება, თუმცა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველაფერთან ერთად, სიმართლის მთქმელი, პირდაპირი, სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის ერთგულებას და მის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ.

„თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა. რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალიხსმევით შესაძლებელია ყველა პრობლემას, რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.