კახა კალაძე - სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მარტში დასრულდება
თხინვალისა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გზის საფარი 2.5 კმ -ზე დაიგება, ასევე აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება.
„ჩვენ შარშან თხინვალის მიმართულებით მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და დაპირება იყო, რომ ამ დასახლებასაც მივხედავდით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ ახერხებდნენ ამოსვლას იმდენად გაუვალი უყო გრუნტის გზა. შესაბამისად, დაახლოებით ორი კილომეტრის მონაკვეთზე ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.სამუშაოები მარტის ბოლოს სრულად დამთავრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისში ყველა უბანში, ყველა რაიონში შევიდეთ”,- განაცხადა კალაძემ.