კახა კალაძე – სხვა ქვეყნის ინტერესს როდესაც ემსახურები და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, არც ერთიან პლატფორმაზე და არც დამოუკიდებლად
სხვა ქვეყნის ინტერესს როდესაც ემსახურები და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავს პოლიტიკურ გაერთიანებებს პერსპექტივა არ გააჩნია.
„ხომ გახსოვთ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ. თვითონვე აირივნენ თვლაში. ხან რაღაც ერთიან პლატფორმებს ქმნიან, ხან დამოუკიდებელ სუბიექტებად მოგვევლინებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. როდესაც, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გაატარო უცხო ძალების ინტერესი საკუთარ ქვეყანაში და წახვიდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთ ძალებს არანაირი მომავალი არა აქვთ, არც ერთიან პლატფორმაზე და არც დამოუკიდებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობას“გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს და პარტია, დიდი ხანია, მონაწილეობას არ იღებდა ალიანსის აქტივობებში.