კახა კალაძე - სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე აკეთებდა, ეს იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის
კახა კალაძე - სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე აკეთებდა, ეს იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის

სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე აკეთებდა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა გოგოლაძის კითხვას.

გოგოლაძემ კახა კალაძეს ჰკითხა: „მაშინ, როდესაც თქვენი მერობის პერიოდში სისტემამ დაუშვა, რომ პროცესის ყველა მონაწილე სუბიექტმა დაუშვა შეცდომა და მიზანმიმიმართული დანაშაული, სად ხედავთ თქვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რა გააკეთეთ, რომ მსგავსი ტრაგედიები და შეცდომები გამოირიცხოს?“

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი მორალური უფლება, ამ ყველაფერზე ისაუბროს.

„ქალბატონო ანა, ვფიქრობ, ცოტა გადამეტებით მოგდით შეფასება. მიზანმიმართული დანაშაული – ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ალბათ უკეთესი იქნება, შეარჩიოთ სიტყვები, შინაარსი. რაც შეეხება სისტემურ დანაშაულს, მე გეტყვით, რა იყო. სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა 2012 წლამდე. ეს იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. სისტემური დანაშაული იყო ის, რაც ხდებოდა ციხეებში, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პატიმრების მიმართ. სისტემური დანაშაული იყო, როდესაც ადეიშვილის კაბინეტში იბარებდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სისტემური დანაშაული იყო ის, როდესაც ციხეებიდან გამოგყავდათ დაკავებული ადამიანები და ახდენდით მათი ქონების გადაფორმებას. სისტემური დანაშაული იყო, როდესაც მშობლებს ახალგაზრდებს უხოცავდით ქუჩაში, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება, ისაუბროთ ამ ყველაფერზე. რაც შეეხება იმ უმძიმეს ტრაგედიას, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ვინც მიცნობს, ძალიან კარგად ხვდება, რასაც ვამბობ. თუკი ოდნავ მაინც, რაიმე გადაცდომა იქნება ჩემი მხრიდან, მე მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა, დავტოვო თანამდებობა და პასუხი ვაგო კანონის წინაშე. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.