კახა კალაძე „შმაქსებზე“ - როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ, ეს ჩვეულებრივი მომენტია
კახა კალაძე „შმაქსებზე“ - როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ, ეს ჩვეულებრივი მომენტია

როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ, ეს ჩვეულებრივი მომენტია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „შმაქსის“ მძღოლებისა და პარტია „გირჩის“ წევრების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

კახა კალაძის თქმით, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ჩაერთოს ტაქსების A კატეგორიაში და არავინაა  შეზღუდული. კალაძის შეფასებით, ტაქსების რეფორმას წარმატებულია.

„როდესაც კანონს არღვევ დაგაჯარიმებენ, როდესაც რაღაცას კანონის წინააღმდეგ ვაკეთებთ, კანონი მოქმედებს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ჩვენ არავის არ ვზღუდავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს A კატეგორიაში და მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ავტომობილი უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული იყოს როგორც მძღოლი, ასევე ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად ამ ავტომობილით გადაადგილდება ქალაქში. უნდა ექვემდებარებოდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩვენ მიერაა მოთხოვნილი. ამ ყველაფრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ არავის არ ვზღუდავთ, ყველას აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. დღეს 12 ათასზე მეტი ტაქსი არის A კატეგორიაში, რომელიც გადაადგილდება ქალაქში, არის თეთრი ფერის, ახალი მანათობლებით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლამაზია. უხდება ქალაქს და მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. რეფორმა ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი თვალშისაცემია“, -განაცხადა კახა კალაძემ.

შმაქსის“ მძღოლებმა და პარტია „გირჩის“ წევრებმა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს „შმაქსებზე“ „ნადირობა“;  გაუქმდეს მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები და გაუქმდეს ტაქსების რეფორმა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით შსს-სთან გადაინაცვლეს.

დატოვე კომენტარი