კახა კალაძე - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არც ერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება
კახა კალაძე - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არც ერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება

დედაქალაქში ამოქმედდება  სპეციალური პროგრამა – „არც ერთი უსახლკარო ოჯახი“, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ  სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, საჭირო საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახლკარო ოჯახს სარგებლობის უფლებით გადასცემს.

„ჩემი და მთელი ჩემი გუნდის, ვინც ღირსეულად ემსახურება ქალაქს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არის ის, რომ არც ერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩება. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 400 ასეთი ოჯახი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს და ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა და როგორც გითხარით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არც ერთი  თბილისელი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უბინაოდ არ დარჩება. პარალელურად კი უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მიწების დატაცებას და იქ უკანონო მშენებლობებს. ეს არის კანონდარღვევა და არავითარ შემთხვევაში ეს წახალისებული არ იქნება.

ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს წესრიგი. ქაოსი ქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ პატიოსანი ადამიანებისთვის, ვინც გადამხდელია გადასახადების. ვინც რეალურად უსახლკაროა და ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, გვერდში დავუდგებით და არც ერთი ასეთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.