კახა კალაძე - საზოგადოება ხედავს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ვხედავთ, როგორ საუბრობენ რაღაცების დაწვაზე, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი
ეს მათი ხელწერაა, სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელი არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ საუბრისას განაცხადა.
საუბარია 2 დეკემბერს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და მამუკა ხაზარაძის მეგობარი ვასილ კაძელაშვილი მსხვერპლსა და ხანძრების მოწყობაზე საუბრობენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს პარტია „ლელოსა“ და აქციის მონაწილეების ჩანაწერი, სადაც საუბარია მსხვერპლსა და ხანძრების მოწყობაზე, კახა კალაძის თქმით, მძიმეა ამის მოსმენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოება. ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. პირდაპირ არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ სჭირდებათ ერთი გვამი. ეს მათი ხელწერაა – ტელევიზიებში შევარდნა, ორი გვამის მოთხოვნა და ა.შ. ისინი ვერ შეიცვლებიან, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. რაიმე ცუდი თუკი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფრის მკადრებლები არიან. ფართო საზოგადოება ხედავს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ, როგორ საუბრობენ რაღაცების დაწვაზე. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, იცავენ მშვიდობას. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე ნარჩუნდება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.