კახა კალაძე -  სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხის დეტალურ განხილვაზე გადავდივართ, რამდენიმე ქუჩაზე უკვე სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი
კახა კალაძე - სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხის დეტალურ განხილვაზე გადავდივართ, რამდენიმე ქუჩაზე უკვე სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი

სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხის დეტალურ განხილვაზე გადავდივართ, რამდენიმე ქუჩაზე უკვე სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკასა და ჭკვიანი შუქნიშნების შესყიდვაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ავტობუსებით სწრაფად გადაადგილება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ბევრი მიმართულებით გვაქვს დაწყებული მუშაობა, კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. მთავარი პრინციპი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთავარი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება დედაქალაქში. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს ავტობუსით, უწევს ლოდინი გაჩერებებზე, ნახევარი საათი, ორმოცი წუთი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი რეფორმის, ასევე მთავარი ამოცანაა ავტობუსების განახლება. ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება, შესყიდული გვაქვს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს იგეგმება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

ასევე, მნიშვნელოვანია ჭკვიანი შუქნიშნების შესყიდვა და უკვე ტენდერი გამოვაცხადეთ. უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ამ ეტაპზე, გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი. პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდა, იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო ავტობუსის ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება პირველი და ერთადერთი. შეიძლება ინფრასტრუქტურულად ქუჩები ისე ვერ მოვაწყოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირია, თუმცა დახაზვითი სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება იმისთვის, რომ არსებულ გზებზე შევძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სწრაფად და უპრობლემოდ მოძრაობა“, – განაცხადა კალაძემ.