კახა კალაძე - საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რასაც მხოლოდ მივესალმებით
კახა კალაძე - საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რასაც მხოლოდ მივესალმებით

საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მხოლოდ მივესალმებით, ხოლო აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, ქვეყნის მტრები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას.

„ჩვენთვის, ზოგადად, ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, ყველა მეზობელი ქვეყანა მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ მივესალმებით. ხოლო აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ისინი, ჩვეულებრივად, ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით ასრულებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან და ავალებენ. მზად არიან, წავიდნენ თუნდაც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. აი, ამას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის გასცემს პასუხს. ვინც ემსახურებიან გარე ძალებს და მზად არიან, წავიდნენ ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ წიაღისეულ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიციის წევრები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც არალეგიტიმური. ეს მყისიერ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.