კახა კალაძე - საქართველოში მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას, რომელ პოლიტიკოსს აქვს შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს
კახა კალაძე - საქართველოში მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას, რომელ პოლიტიკოსს აქვს შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს

არჩევნები არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული კვლევების და რეიტინგების შეფასებისგან თავს შეიკავებს.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ მე არავის შეფასებას არ ვაპირებ, არავის რეიტინგებზე არ მინდა საუბარი. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს აქვს რეალურად იმის შნო და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში იმ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხონ, რომელიც არსებობს. შესაბამისად, არჩევნები არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასება. კიდევ ერთხელ, ჩემი დამოკიდებულება იცით კვლევებთან დაკავშირებით და არაერთხელ მითქვამს ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები და ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს 2012 წლიდან, არაერთი კვლევა შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითად ყველა არჩევნების წინ, როდესაც ხდებოდა მონაცემების გამოყენება და შემდეგ რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად განმაწყობს პირადად მე ამ კვლევების მიმართ და ამიტომ გარკვეული კვლევების შეფასებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.