კახა კალაძე - საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მოხდება ცივილური გზით, ამას გადაწყვეტს მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები
კახა კალაძე - საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მოხდება ცივილური გზით, ამას გადაწყვეტს მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, კრახისთვის არის განწირული.

„ამას ჩვენ ყოველდღიურად ვისმენდით განცხადებებში. ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია, კონკრეტული თანამდებობის პირები, კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში, მოხდება ცივილური გზით, რასაც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ასე შემდეგ. არავის არაფერი გამოუვა. კანონის ფარგლებს თუ ვინმე გადასცდება, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.