კახა კალაძე - საქართველოში დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა უნდა შეიზღუდოს და მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი შემოვიდეს
კახა კალაძე - საქართველოში დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა უნდა შეიზღუდოს და მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი შემოვიდეს

საქართველოში რაც შეიძლება მაღალი ხარისხის დიზელის საწვავი უნდა შემოვიდეს და დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანაც უნდა შეიზღუდოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხშირად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდეს ეკოლოგიური მიმართულებით არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად.

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომ აუცილებელია, მოხდეს საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხის იქნეს ამაღლებული, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე არის განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა და წახალისდეს ახალი ავტომობილების შემოსვლა.

„ასევე უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ვფიქრობ, უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. ელექტრომობილებზე საერთოდ ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს, ჰიბრიდებზე კი, არის გარკვეული შეღავათები. თუმცა ჯერჯერობით, შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც ვფიქრობ, ასევე სერიოზული პრობლემაა გარემოსთვის“, – განაცხადა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, ძირითადად, სხვა ქვეყნებში მსგავსი ავტომობილები ყიდება იმიტომ, რომ ისინი მოძველებულია. ამასთან, მისი თქმით, პრობლემაა აღნიშნული ავტომობილების ძველი აკუმულატორები, რომლის უტილიზაცია საქართველოში სტანდარტების შესაბამისად არ ხდება და ძირითადად, მისი გადაყრას აქვს ადგილი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„გაცილებით სერიოზული  პრობლემაა, ვიდრე დიზელი და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს საქართველოში და ავტოპარკი განახლდეს.