კახა კალაძე - საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, უკრაინის მხრიდან იყო სამარცხვინო ბრალდება, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულება აქვთ
კახა კალაძე - საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, უკრაინის მხრიდან იყო სამარცხვინო ბრალდება, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულება აქვთ

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

კალაძის თქმით, ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან და სწორედ მათგან ელოდებიან ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც.

„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბევრი სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან. მათი მხრიდან იყო გაჟღერებული სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ, წარმოადგინონ, თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, არსებულ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად თავს იკავებს კომენტარების გაკეთებისგან და ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„ყველაფერი მესმის, ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებთ, რაღაცა კომენტარები გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმაზე და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მოდის, კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება მძიმე ბრალდებები.

„კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგელობით გეუბნებით, ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, რაც შეეხება კითხვას, „საუბარია, რომ საქართველო შეიძლება, იქცეს სანქციების აცილების გზად სხვადასხვა კომპანიის მხრიდან, რას აკეთებს ხელისუფლება თავის დასაცავად“, – კალაძე ამბობს, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები საქართველოში ვერანაირ მოღვაწეობას ვერ შეძლებენ.

„ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერ მოიყვანთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ამგვარი შეთანხმება ან რაღაც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არსებობს კანონები, სანქციებში მყოფი კომპანიები, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ შეძლებენ ვერანაირ მოღვაწეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.