კახა კალაძე - საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით
მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანიებისა და კრიტიკისა, ქართველები უკრაინელ ხალხს გვერდით უდგანან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოხატავდა.
„აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვქონდა საქართველოში მყოფ უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, რა ბენეფიტები ჰქონდათ მათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით, შესაბამისად, გული გვტკივა, როცა ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, კეთდებოდა მოწოდებები, რომ საქართველოც ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს მისამართით წამოსული კრიტიკა და ნეგატივი არაფორმალური მმართველებისა და მათი მიერ გაცემული დავალებებიდან გამომდინარეა.
„ჩვენი მტკიცე პოზიცია და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები რომ არა, ალბათ საქართველოშიც გვექნებოდა იგივე მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ, ჩვენ მიმართ კრიტიკა მოდის არაფორმალური მმართველებისგან, მათი მხრიდან გაიცემა დავალებები, ისინი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ევროპელ ბიუროკრატებს, თავს ესხმიან ქართველ ხალხს, ჩვენს სუვერენიტეტს და ა.შ.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 91-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.