კახა კალაძე - სამწუხაროდ, ოპოზიციისგან ვისმენთ სიცრუეზე, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს
კახა კალაძე - სამწუხაროდ, ოპოზიციისგან ვისმენთ სიცრუეზე, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს

სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ სიცრუეზე, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნების დღეს.

კალაძემ საარჩევნო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც პარტიის  გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საარჩევნო ბანერების გაკვრა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე რეაგირება მოახდინა.

„ამას ვისმენდით არჩევნების წინა დღეების განმავლობაში. მაგალითად, ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი მოსახლეობას ეუბნებოდნენ იყო ის, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ მათ აუკრძალა საარჩევნო ბანერების გაკვრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და კიდევ ერთხელ მინდა, გავაკეთო განმარტებები. მე საჭიროდ ვთვლი, როგორც ქალაქი მერი, ამაზე გავაკეთო საპასუხო განცხადება, რადგან არ მინდა მოსახლეობა ვინმემ შეიყვანოს შეცდომაში. ამ ადამიანებმა დაიწყეს საარჩევნო ბანერების გაკვრა ყოველგვარი ნებართვების გარეშე. დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინა რეაგირება.

მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვხსენით უკანონოდ გაკრული საარჩევო ბანერები, 27 მაისს ოფიციალურად „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა დედაქალაქის მერიას, რაზეც უკვე 31 მაისს ჰქონდათ დადებითი გადაწყვეტილება საარჩევნო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით. ამის ოფიციალური დოკუმენტაცია ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მოიპოვოს.

შესაბამისად, ჩემთვის გასაგები იყო, რატომ აკეთებდნენ ეს ადამიანები ასეთ ცრუ განცხადებებს. სირცხვილია, შეეცადო მოსახლეობა შეიყვანო შეცდომაში და გარკვეული პოლიტიკური ელფერი მისცე ასეთ თემა . თუ რაიმე გადაცდომა იყო კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან. უკვე დაინტერესებაც არის და შესაბამისი პასუხი გაეცემათ“,- განაცხადა კალაძემ.