კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებზე და საერთაშირისო პარტნიორებზე თავდასხმებს ვისმენთ
სამწუხაროა, რომ მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებზე და საერთაშირისო პარტნიორებზე თავდასხმებს ვისმენთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დღევანდელი განცხადება: „მივმართავ დევიდ მაკკალისტერს, სჯობს, თქვენს კანცლერს, ანგელა მერკელს მოუწოდოთ, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და იაფ რუსულ გაზზე ნუ გაცვლის კავკასიას“.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ამგვარ თავდამსხმელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს მეგობარ ელჩებზე, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებზე და ჩვენს საერთაშირისო პარტნიორებზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან კარგია, რომ ყველა კარგად ხედავს, თუ რას წარმოადგენს ხელისუფლება და ვინ არის ოპოზიცია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ნათელაშვილის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, რათა ამ კონტინენტს მიეღო დემოკრატიული წყობილება, ამას მიაღწიეს, ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ“.
„რა რევოლუციაზეა საუბარი. არანაირი რევოლუცია არ იქნება. თუ ვინმე რამე კანონსაწინააღმდეგოს დააპირებს, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.