კახა კალაძე - მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია, თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ
კახა კალაძე - მრგვალ ბაღში არსებული მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია, თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს.

მისი თქმით, ადგილზე არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია, ტერიტორია გადათხრილი, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელი.

„მრგვალ ბაღში რამდენიმე თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს, იქ არსებული მდგომარეობა კატეგორიულად მიუღებელია. არავინ მუშაობს, ერთი-ორი მუშა საწყლად დაათრევს ამ ქვებს, გადათხრილ-გადანგრეულია ყველაფერი, ასე გაგრძელება ჩვენთვის მიუღებელია. გასაგებია, რომ კომპანიას არ აინტერესებს ქალაქის მთავრობა, მაგრამ თბილისის მოსახლეობა არის მნიშვნელოვანი, თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ. შესაბამისად, იმოქმედეთ ძალიან მარტივად, ეს კომპანია ვერ გააგრძელებს სამუშაოებს და არ გააგრძელებს. ორი თვის განმავლობაში პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ და ვსაუბრობთ ქუჩების და უბნების რეაბილიტაციაზე, არ ვარგა ეს დამოკიდებულება. ასეთ კომპანიებს სჭირდება შესაბამისი პასუხი, მათ არა თუ მერიის ტენდერებში, არამედ სახელმწიფო ტენდერებშიც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან კომპანიები, რომლებიც აზარალებენ ქალაქს, აზარალებენ მოსახლეობას. ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი და იმოქმედეთ დღესვე, რადგან სწრაფად იყოს დასრულებული პროექტი, რომ იქ მისულმა ადამიანმა იამაყოს ამ პროექტით“, – განაცხადა კალაძემ.