კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს სააკაშვილის აბსურდულ განცხადებებზე უწევს პასუხის გაცემა
კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს სააკაშვილის აბსურდულ განცხადებებზე უწევს პასუხის გაცემა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით საქართველოს ზიანს აყენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეკომენტართან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც ელჩმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე გააკეთა.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ.

„ძალიან ცუდია, რასაც ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს. ის ყოველთვის ცდილობს, თავისი ტელევიზიის მეშვეობით როდესაც ხდება სიცრუის ტირაჟირება და აუცილებლად ბიძინა ივანიშვილს რაღაც უნდა დააბრალოს, ეს გამოიყენოს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართაც, რათა თვითონ იყოს აქტუალური და იყოს დღის წესრიგში. სიცრუით ცდილობს ამის გაკეთებას, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს სხვა თემაა. სამწუხაროა, რომ ის ქვეყანას აყენებს ზიანს თავისი განცხადებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები აბსურდული იყო და სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს მსგავს განცხადებაზე უწევს პასუხის გაცემა.

„სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს უწევს სააკაშვილის აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა და ზუსტად ამის დასტურია საფრანგეთის ელჩის განცხადება მის უაზრო ბოდვებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული. ამასთან, მენიე აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ერიკ ფურნიეს მიმართ ბრალდებებით.