კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს მიმართავს - კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ვალდებულებები, უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ
კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს მიმართავს - კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ვალდებულებები, უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში ორ ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მერია თვალს ვერ დახუჭავს უხარისხობაზე და კომპანიებს მოუწევთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.

კახა კალაძის განმარტებით, კომპანიას, რომელიც გლდანში ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე აწარმოებდა სამუშაოებს, დაევალა, საგზაო ინფრასტრუქტურა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს.

„რადგან ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო გლდანში, კონკრეტულად ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოზე. ეს არის ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩები, სადაც სამუშაოს გლდანის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ ამ ორ ქუჩაზე გვქონდა პრობლემები. როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე, რათა ჩაებარებინათ პროექტი, შესრულებული სამუშაოები კი იყო უხარისხო. ჩვენი მხრიდან, ამას რა თქმა უნდა, მოყვა რეაგირება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორად შესრულებულ სამუშაოზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ელემენტარულად, სინჯების აღება ვერ მოახერხა ლაბორატორიამ, ისეთი ცუდი მოასფალტებული იყო ეს ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები საკუთარი ოპონენტების მხრიდან, საზოგადოების  შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ აი, ამდენი ხანი ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა თავიდან თხრიან. არა, მეგობრებო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში თვალს არ დავხუჭავთ უხარისხობაზე, შეუსრულებელ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, არსებობს ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს – კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. სხვას არაფერს გთხოვთ, გვინდა ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად დასრულდეს, რაც ზოგადად დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რამით დაგვეხმაროთ, არ გამოვა, მეგობრებო. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ხალხს. შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კონკრეტულ კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით.თქვენგან მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. მხოლოდ ჩვენი მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი – ყველასია. ერთადერთი, რასაც გთხოვთ, ესაა თანადგომა და მხარდაჭერა, რათა მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, გავალამაზოთ. ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული და სალაპარაკო არ გახდება ეს თემა. მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, რომ რაც შეიძლება დროულად შეასრულონ სამუშაოები. რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი – ეს იქნება ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ, რათა ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ არ გაქვს შესაძლებლობა და თავი, შეასრულო სამუშაო, დაანებე თავი და ნუ მიიღებ მონაწილეობას ტენდერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.