კახა კალაძე - სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტი თანხების მოძიებისთანავე განხორციელდება
კახა კალაძე - სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტი თანხების მოძიებისთანავე განხორციელდება

სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტროს პროექტი თანხების მოძიებისთანავე განხორციელდება,  – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, რატომ არ დაიწყო სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მეტროს მშენებლობა.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალებაც დღეს ბიუჯეტს არ აქვს.

„პროექტი არსებობს, დაახლოებით 150 მილიონ დოლარზე არის, მცირედით მეტი. დიდ თანხებზეა საუბარი. როგორც კი მოხდება თანხების მოძიება, რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდება. ასევე სრულდება კვლევა, რამდენად სწორი იქნება რუსთავთან მეტროთი დაკავშირება. ამაზეც საერთო, ერთიანი კვლევა იქნება და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. რაც შეეხება სამგორი-ლილოს მიმართულებას, ძალიან წინ ვართ, თუმცა უსახსრობისა და იმის გამო, რომ ძალიან ძვირი ჯდება პროექტი, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც უნდა გაკეთდეს ქალაქში პროექტების სახით. 2020 წლის დასაწყისში ძალიან ბევრი პროექტი დავაანონსეთ, რომლის განხორციელება უნდა დაგვეწყო, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტების სამუშაოების დაწყება ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს, იგივე მოხდება ამ მეტროსთან მიმართებაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს. სამშენებელო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. გათვალისწინებულია მეტროსადგურ „სამგორის“ მოდერნიზება და მიწისზედა მეტროს ახალ ხაზთან დაკავშირება.