კახა კალაძე -  სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმაზე, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა
კახა კალაძე -  სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმაზე, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა

ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობისთვის თავისი პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდებინა, საარჩევნო კამპანია დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ლანძღვაში გაატარა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, 2012 წლის შემდეგ  არავის ახსოვს.

„ეს იყო პირადი შეურაცხყოფა, დაბრალება, გინება, საარჩევნო პროცესების ჩაშლის მცდელობა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი რეგიონში დადიოდა. მედიას აქვს ამისი ვიდეომასალა. ყველა შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზოგი შევარდნით, ზოგი რაღაც პლაკატებითა და შეძახილებით ცდილობდა საარჩევნო პროცესების დროს დაპირისპირება მომხდარიყო.

მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, რომ არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას და საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მშვიდ გარემოში ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და პროგრამები გაეცნოთ მოსახლეობისთვის.

თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობისთვის თავისი პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდებინა, საარჩევნო კამპანია გაატარა მმართველი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის ლანძღვაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რომ არასამთავრობოები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ, კახა კალაძე აცხადებს, რომ ამის დადასტურებას ფაქტები სჭირდება.

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას. საჭიროა ფაქტები. მე პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა, ეს იყო სამარცხვინო. ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები  ხელს უწყობდნენ სიძულვილის ენას, ხელს უწყობდნენ სხვადასხვა კანდიდატებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

არასამთავრობო სექტორი არის იმისთვის, რომ ის იყოს დამბალანსებელი. თუ ხელისუფლება რაღაც არასწორს აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდნენ და შენიშვნა მისცენ. იგივე არის ოპოზიციასთან მიმართებითაც. თუ ოპოზიცია არასწორად იქცევა, არასწორ ქმედებებს აკეთებს, უნდა გამოვიდნენ და თქვან, მაგრამ მათ არჩიეს სიჩუმე და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავისი რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.