კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა
კახა კალაძე - საგარეო მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა

საგარეო მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ვფიქრობ, არის საკმარისი დრო, რომ ადამიანებმა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მოახერხონ და უცხოელ პარტნიორებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება, რა პოლიტიკური პროცესები მიდის და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ სათავეში“, – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებით თბილისის მერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დააყენებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აშშ-ის კონგრესმენების, თუ ევროპარლამენტის ერთ-ერთი ძლიერი პარტიისგან მომდინარე კრიტიკა, რადგან საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია დიდწილად, სწორედ დასავლელი პარტნიორების შეფასებაზეა დამოკიდებული და რას აკეთებს მმართველი გუნდი ამის საწინააღმდეგოდ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეალურად გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, არის „ქართული ოცნება“.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება. არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩავატაროთ და ყველა პარტიას მიეცეს საშუალება, თავისი საარჩევნო კამპანია მშვიდობიანად აწარმოოს და საზოგადოებას საკუთარი ხედვები წარუდგინოს“, – განაცხადა კალაძემ. 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირების შეუსრულებლობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია და საზოგადოებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს.

„იმ ადამიანებს, ვისი განაწყენებაც გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, არჩევნებზე მივიდნენ და პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთი განაწყენება დააფიქსირონ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

„მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას და მიმაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან შეთავაზებული სისტემა 100-50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. დღეს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელსაც არ განხორციელდეს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შემთხვევაში შეიტანდა თუ არა „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში ცვლილებას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„პარტიაში ამაზე არ მისაუბრია. ეს ჩემი პოზიციაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი.

თბილისის მერმა გადაცემის მსვლელობისას ასევე აღნიშნა, რომ ძალიან რთულია იმის თქმა, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით.

დატოვე კომენტარი