კახა კალაძე - საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენების დამონტაჟების მოთხოვნით თბილისის მერიაში ამ ეტაპზე 59 განაცხადი შევიდა
კახა კალაძე - საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენების დამონტაჟების მოთხოვნით თბილისის მერიაში ამ ეტაპზე 59 განაცხადი შევიდა

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – chargers.tbilisi.gov.ge ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული.

ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე, 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, გათვალისწინებული იყოს ელექტროდამტენებისთვის საჭირო საკომუნიკაციო ქსელი, რათა მოგვიანებით, მონტაჟის ეტაპზე, გზის საფარის დაზიანება არ მოხდეს.