კახა კალაძე - სახალხო დამცველი თუ უარყოფს, რომ გლდანის კლინიკა მულტიფუნქციურია, კაი, მიღებულია, ძმაო
კახა კალაძე - სახალხო დამცველი თუ უარყოფს, რომ გლდანის კლინიკა მულტიფუნქციურია, კაი, მიღებულია, ძმაო

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს თავისი კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ.

„თუ იქნება საჭიროება, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს თავისი კლინიკა და გადაყვანილი იქნება, მიეხედება ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის კლინიკა მულტიფუნქციურია, თუმცა სახალხო დამცველი უარყოფს“, – კალაძე პასუხობს: „სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, რა. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი“.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.