კახა კალაძე - საამაყოა ის სტანდარტი, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში დაინერგა
კახა კალაძე - საამაყოა ის სტანდარტი, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში დაინერგა

თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„საამაყოა ის სტანდარტი, რაც ბაგა-ბაღებში დაინერგა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ. ეს სტანდარტები უმაღლესი ხარისხისაა. ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები – კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

განხორციელებული პროექტების შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმაც ისაუბრა.

„ამჟამად, თბილისის მერიის მართვაშია 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 61 000 აღსაზრდელი. 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი, 10 რეაბილიტირდა, ხოლო 147 ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილემ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღების პროცედურაზეც ისაუბრა.

„ბაღებში ბავშვთა რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს სოციალურ კომპონენტს – პრიორიტეტი ენიჭებათ კონკრეტულ ბენეფიციარებს. 2018-2019 წლებში ამ კატეგორიებს დაემატა: მარტოხელა მშობლების შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების შვილები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შვილები“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში თბილისში 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში კეთილმოეწყო 56 ბაღის ეზო, ჩატარდა 20-მდე ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები, 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე, პირველად, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის ორი მინისტადიონი მოეწყო.

დატოვე კომენტარი