კახა კალაძე - საახალწლოდ მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით, დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
კახა კალაძე - საახალწლოდ მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით, დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

საახალწლოდ მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით და დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ახალ წელს დაგეგმილ გალა კონცერტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კონცერტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით, მთელი დღეების განმავლობაში იქნება სხვადასხვა ღონისძიება: კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. გალა კონცერტს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად გაიმართება საახალწლო ღონისძიებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას რამდენად საჭიროა ამისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა, თბილისის მერი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ სცენაზე არ იხარჯება და ის მოიცავს, როგორც ჰონორარებს, ასევე საახალწლო ღონისძიებების ატრიბუტიკას.

„თუ გვაჩუქებენ სცენას და ერთხელ გადახდილი თანხით ყოველწლიურად შეიძლება ისარგებლო სცენით, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ ვინმე ასეთ საჩუქარს გაგვიკეთებდა. ეს თანხა მხოლოდ სცენისთვის არ იხარჯება, ეს არის ჰონორარები, ეს არის საახალწლო ღონისძიებების მთელი ატრიბუტიკა“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.