კახა კალაძე - საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მერია გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად დეკემბერში მიიღებს
კახა კალაძე - საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის მერია გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან ერთად დეკემბერში მიიღებს

დედაქალაქის მერია მოსახლეობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ.

კალაძის განმარტებით, მერია ვალდებული იყო, ზაზა სარალიძის წერილზე პასუხი სამი დღის ვადაში გაეცა, სადაც აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის თვეში, შესაბამისად, ის მედიას მოუწოდებს, არ იჩქარონ შეფასებების გაკეთება.

„დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში, შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება, რომელიც არის ტრადიცია და ეს კახა კალაძის, ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება, რომელიც იწყება დაახლოებით 7-10 დეკემბრიდან”, – ამბობს თბილისის მერი.

აქვე, კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში უშუალოდ იყო ჩართული არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც კალაძის თქმით, საუბრობდა იმის შესახებ, თითქოს კარვების გაშლას ხელს უშლიდა დედაქალაქის მერია იმიტომ, რომ უნდა დადგმულიყო ნაძვის ხე.

„ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე, რომელშიც გამოიჭირეს „რუსთავი 2“ და გუშინ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია მოსახლეობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს არის 12 ნოემბერი, ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე, დეკემბრის შუა რიცხვებია დაახლოებით, ასე რომ, დაველოდოთ ერთი თვე კიდევ და როდესაც მივალთ დეკემბერში, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, რას და როგორ გავაკეთებთ, ძალიან მარტივად”,- აცხადებს კალაძე.