კახა კალაძე - სააკაშვილს აქვს უმძიმესი დანაშაულები და მას სასჯელის მოხდა მოუწევს
კახა კალაძე - სააკაშვილს აქვს უმძიმესი დანაშაულები და მას სასჯელის მოხდა მოუწევს

ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია, შემოსვლით დაწყებული და ჯანმრთელობის მდგომარეობით დამთავრებული. ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, როგორმე მოახერხონ მისი ციხიდან გათავისუფლება, ასევე მოახდინონ ქვეყნის გაშავება, თითქოს მას ციხეში ლმობიერად არ ეპყრობიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რას ემსახურება სააკაშვილის ქმედებები.

„სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაშია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია. საზოგადოებამ კარგად დაინახა, ეს ყველაფერი რას ემსახურება. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის რეპუტაცია, მათთვის მთავარია ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესები. ცხადია, ეს ყველაფერი სასაცილოა. გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ვერანაირი პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და არც არასდროს მიუღია. ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა. არის კონკრეტული დამნაშავე, აქვს კონკრეტული დანაშაულები და მას სასჯელის მოხდა მოუწევს. მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი სად იქნება, პოლიტიკაში იქნება, ბიზნესში იქნება, სახლში დაჯდება, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს აქვს უმძიმესი დანაშაულები, ის სასჯელს იხდის კონკრეტულ დანაშაულებზე. არის სხვა ალტერნატიული საქმეები, რომლებზეც, როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ ამ გამოძიებასაც“, – განაცხადა კალაძემ.