კახა კალაძე - სააკაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც 
კახა კალაძე - სააკაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც 

სააკაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში საოცარ განცხადებებს ისმენს.

„საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. თუ არ ვცდები, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება თუ არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და, ზოგადად, რა საჭიროა შესრულება? ამ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც და ჩვენ ყოველთვის ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძე ამბობს, შედარებაც კი არ შეიძლება, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და როგორია დღევანდელი ვითარება, მათ შორის, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით.

„ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რეალობასთან ახლოსაც არ არის. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვახსოვს წლები, რა ხდებოდა გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. რა ხდებოდა მედიების მიმართ, რა დამოკიდებულებები იყო, ტელევიზიებში შევარდნა, დახურვა, დევნა, თვალყური. თუკი რაიმე საშინელება შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს აკეთებდნენ. როგორ შეიძლება შედარებაც კი, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე, თუნდაც მედიის მიმართულებით და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ყველანი მოაზროვნე ადამიანები ვართ და გვაქვს შესაძლებლობა, შეფასებები გავაკეთოთ. როგორ შეიძლება, საერთოდ ტოლობის ნიშანი დაისვას 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ ვითარებას შორის“, – აღნიშნა კალაძემ.