რურუას თემა არის მოგონილი, არანაირი რურუა არ არის, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელსაც შეკითხვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის შესახებ დაუსვეს.
„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით.
თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანი და არჩევანი, რომელიც გვაქვს გაკეთებული – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ძალიან სწრაფად მოხდეს. ამისთვის, საჭიროა, რეფორმების განხორციელება, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.