კახა კალაძე - როგორც მერი, ვისურვებდი, შეგვძლებოდა ჯანსაღი დებატები სხვადასხვა საკითხზე, მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა, არ მინდა საზოგადოების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად, ყველას მერი ვარ
კახა კალაძე - როგორც მერი, ვისურვებდი, შეგვძლებოდა ჯანსაღი დებატები სხვადასხვა საკითხზე, მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა, არ მინდა საზოგადოების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად, ყველას მერი ვარ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში აზრის და თავისუფლების გამოხატვა დაცულია.

მისივე თქმით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მთავარია, ის არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

„რევოლუციას რაც შეეხება, აზრის და თავისუფლების გამოხატვა ამ ქვეყანაში არის დაცული. 2012 წლიდან არის წინ გადადგმული ნაბიჯები, რაც დასაფასებელი და შესანარჩუნებელია. ყველას აქვს შესაძლებლობა, შეიძლება, ეს იყოს აქციის თვალსაზრისით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს, მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. როგორც კი გადაცდომები იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები აუცილებლად მოაგვარებენ ამას“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

„რაც შეეხება აქციებს, მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ, თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება, არავინ ზღუდავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, შეგვძლებოდა დასხდომა, პოლემიკა, ჯანსაღი დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე, როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ისევ და ისევ ამ ქალაქისთვის. ნამდვილად არ მინდა საზოგადოების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად, ვარ ყველას მერი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქალაქის აღმშენებლობა იყოს შეუქცევადი პროცესი. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ძმაკაცები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.