კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოააშკარავეს „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული კვლევა, თუმცა ამაზე ბოდიში არავის მოუხდია
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოააშკარავეს „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული კვლევა, თუმცა ამაზე ბოდიში არავის მოუხდია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოააშკარავეს „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული კვლევა, თუმცა ამაზე ბოდიში არავის მოუხდია.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, იყო დაგეგმილი და იდგმებოდა მიზანმიმართული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო როგორმე, თუნდაც იმ გაყალბებული „სამართლიანი არჩევნების“ კვლევებით.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო გაყალბებული და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოააშკარავეს აღნიშნული გაყალბებული კვლევა, თქვენ მოისმინეთ რაიმე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბოდიში მოეხადა ვინმეს, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა? შემოიფარგლნენ იმით, რომ, ქართველი ხელმძღვანელი ვინც იყო, გაათავისუფლეს და ამით დამთავრდა ვითომ ყველაფერი. ვინ აფინანსებდა ამას, საიდან მოდიოდა ის დაფინანსება? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. იგივე სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, რათა ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, დაპირისპირება მომხდარიყო, ჩამოეგდოთ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. დღესაც მზად არიან, ყველანაირი მეთოდით მოახდინონ ეს, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა, რადგან ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კარგად ხედავენ, რა პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და კარგად ხედავს მოსახლეობა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება. რამეს ხომ არ ვიგონებ, ფაქტი ხომ არის ის, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლები გააყალბა. ქვეყანა კინაღამ ააყირავეს, არ გახსოვთ, რა ხდებოდა?“ – განაცხადა კახა კალაძემ.