კახა კალაძე - ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად არაფერს ვაკეთებთ
კახა კალაძე - ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად არაფერს ვაკეთებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავრობა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რაც მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ნინო შავერდაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ქალაქში საკმაოდ დიდია, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა.

„ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ჩვენ საქმიანობას ოფიციალურად შევუდექით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებები მივიღეთ სამშენებლო მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, როგორ უნდა ვიყოთ დაცული იმისგან, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. მნიშვნელოვანია ასევე, სკვერების გამწვანება, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მომდევნო წლების განმავლობაში გამოსწორდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.