კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს
კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც კახა კალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა იქნება აუცილებელი.

„საზოგადოების ჩართულობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ 2020 წელს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, წარუდგინოს მოსახლეობას ხედვა. მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი პარლამენტი უნდა რომ იხილოს და რომელი პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.