კახა კალაძე - პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა 
კახა კალაძე - პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა 

პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან ამბიციური, მაგრამ ამავდროულად რეალისტური გეგმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ საკრებულოში განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

​როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული.

|ჩვენ მთელი წინასაარჩევნო და მანამდეც მოსამზადებელი პერიოდი, დეტალურად ვსწავლობდით თბილისის მტკივნეულ საკითხებს, პროფესიონალებთან ერთად გავდიოდით მთელ რიგ თემებს და ყველაფერზე გვაქვს დამუშავებული, გათვლილი ხედვები. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში. პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან ამბიციური, მაგრამ ამავდროულად რეალისტური გეგმა. ჩვენ წინასაარჩევნოდ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელსაც თბილისელებმა მაღალი ნდობა გამოუცხადეს.ეს არის ის პროგრამა, რომელიც თბილისს ნამდვილად აქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად და ჩვენ მერიაში შესვლის პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ პროგრამის აღსრულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის ახალი ბიუჯეტი თბილისის განვითარებაზეა ორიენტირებული.

“თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე. არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ,რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.