კახა კალაძე - არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც, არანაირ დასჯაზე არაა საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ
კახა კალაძე - არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც, არანაირ დასჯაზე არაა საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ

არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ხელისუფლება აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს პრეზიდენტს“.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალდებულებაა და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ.

„ეს განცხადება არავის გაუკეთებია, თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით ეს შეკითხვა. არავინ არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ დავიცვათ კონსტიტუცია, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ვალდებული, რომ დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ როგორ მოგეწონებათ, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, ქვეყნის პრემიერის უფლებამოსილებაში, ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი ახლაც და სამომავლოდაც. არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ“, – აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.