კახა კალაძე - პოლიტიკური ფიგურა ვარ, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უფრო მეტია
კახა კალაძე - პოლიტიკური ფიგურა ვარ, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი და, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უფრო მეტია

თბილისის მერია მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი, თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობა გვეყოლება, დაემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მთავარია, რომ პიკის საათებში მეტროში მოცდის პერიოდი 3 წუთზე ნაკლები გახდება.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის მეტროს, არამედ მთლიანად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლაზე ინფორმაციები. რა თქმა უნდა, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა და სწორედ წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო გამოყოფილი, რომ მოგვარებულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონ ლარი იხარჯება მეტროში.

„ეს არის მეტროს რეაბილიტაცია, მოდერნიზება და გაუმჯობესება. აქედან 70 მილიონი ლარი არის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მეტროში დღეს ყველა დაზიანების შესახებ ინფორმაცია აქტუალურია, რადგან საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა და უფრო მეტი იმედი აქვს.

„ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა, რომელიც მეტროში მუშაობს, მითხრა, თუ რატომ არის აქტუალური დღეს და ყველა დაზიანების შემთხვევაზე ინფორმაცია, რადგან წლების განმავლობაშიც ხდებოდაო და არავინ საუბრობდა ამაზე. რა თქმა უნდა, საზოგადოებას უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ჩვენს მიმართ, უფრო მეტი იმედიც და არ უნდა გაგიკვირდეთ არავის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვა ხდებოდა, ყველა ამბობდა, აბა სად არის ელექტროენერგია, კალაძე გამოუშვიო. ამით იმის თქმა მინდა, არ უნდა გაგიკვირდეთ ეს დამოკიდებულება. პოლიტიკური ფიგურა ვარ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ და სხვათა შორის, ხალხს ძალიან დიდი იმედი აქვს ჩვენი. რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უფრო მეტია. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ და პირობას გაძლევთ, ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი. მე ამის ამბიცია და პრეტენზია ნამდვილად მაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან ბოლო წლებში მეტროპოლიტენში დაზიანებების სტატისტიკა წარადგინა.

კალაძის თქმით, 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა; 2019 წელს კი – 100, მათ შორის მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა.

„ეს იმ პირობებში, როცა ყოველწლიურად იზრდება მგზავრთა რაოდენობა. 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273 000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელია 370 000 მგზავრი. საშუალოდ, დღიური მგზავრობის რაოდენობა დაახლოებით 100 000-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.