კახა კალაძე - პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ძალიან მძიმე და დამაზიანებელია, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას
კახა კალაძე - პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, კანონებს, ძალიან მძიმე და დამაზიანებელია, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა უნდა სცენ პატივი საქართველოს კონსტიტუციას.

კალაძის თქმით, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, თუ პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას.

„ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქცია. ეს კონსტიტუციითაა გაწერილი. ქალაქის მერს აქვს თავისი ფუნქცია, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, იგივე აქვს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პრეზიდენტს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ამ ყველაფრის აღრევას, არაფერი გამოვა. ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ პირველები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება, ევროპელობა გვინდა და ამ ყველაფერს თუ ხაზსს გადავუსვამთ, მაშინ, ზოგადად, რაზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არ სცემს პატივს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით  განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი გუშინ საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.