კახა კალაძე - პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება
კახა კალაძე - პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.

პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენს დედაქალაქს, ულამაზეს თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ ყველაფრის უკან, რასაც ვაკეთებთ, დგას დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველას დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა პარკში არსებული შენობები და შადრევანი.

ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი