კახა კალაძე - პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, როგორი დამოკიდებულება იქნება ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შესაცვლელად
კახა კალაძე - პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, როგორი დამოკიდებულება იქნება ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შესაცვლელად

პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, როგორი დამოკიდებულება იქნება ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შესაცვლელად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი ხშირად ზიანდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი გამოსაცვლელია.

„რადგან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, მინდა, ერთ თემას შევეხო. ეს არის ვარაზისხევი. იქ დღეის მდგომარეობით არის ქვაფენილი, რომელიც ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვისაც.

მინდა, უბრალოდ, ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, ქვაფენილის მაგივრად გაკეთდეს თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი. არ ვიცი, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მგონია, რომ ჯერ ერთი, ძალიან ხმაურია, მტვერი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.

ეს არ არის ისტორიული, არანაირი სტატუსი არ აქვს და მგონია, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის მოწესრიგება, საფეხმავლოების გაფართოება, ამის შესაძლებლობას იძლევა ეს გზა. კომუნიკაციები ქვემოთ, რა ინფორმაციაც მაქვს, შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია, იმუშავეთ ამ მიმართულებით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ძალიან მალე“, – მიმართა კახა კალაძემ თბილისის მთავრობას.