კახა კალაძე - პარკინგის ადგილი არსებობს პარკირებისთვის და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის
კახა კალაძე - პარკინგის ადგილი არსებობს პარკირებისთვის და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის

ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს მუნიციპალური პარკირების ადგილებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პარკირების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ეკონომიკურად აქტიურ, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში მუნიციპალური პარკირების ადგილზე სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებებია განთავსებული და გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის.

„ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ მისაბმელიანი მანქანები უყენიათ საპარკინგე ადგილებზე და იქ აქვთ მოწყობილი, ხშირ შემთხვევაში რაღაც ტურისტული კომპანიები, ზოგჯერ ვიზების გაცემაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი თავისი შინაარსით არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. კანონით თუ მივუდგებით, მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია“, – განაცხადა კახა კალაძემ და ზედამხედველობის სამსახურს დაავალა აღნიშნულზე კანონის შესაბამისად რეაგირება მოახდინოს.

მისი თქმით, ეკონომიკური საქმიანობისთვის ქალაქში ძალიან ბევრი ადგილია გამოყოფილი.

„ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამე ხარვეზი გამონახონ კანონში ამ თვალსაზრისით და შეუძლიათ მისაბმელიანი ავტომობილით დადგნენ და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, ეს ასე არ არის. კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები და განახორციელეთ ეს დაჯარიმებები, რათა აღნიშნული პრობლემა მოწესრიგდეს“, – მიმართა თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს.