კახა კალაძე - პანდემიის გამო, არაერთი პროექტის გაჩერება მოგვიწია, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული და აუცილებლად განხორციელდება
კახა კალაძე - პანდემიის გამო, არაერთი პროექტის გაჩერება მოგვიწია, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული და აუცილებლად განხორციელდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმდინარე წლის ბოლო სხდომა ჩაატარა და გასული წელი შეაჯამა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2020 წელი იყო სერიოზული გამოწვევების წელი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის, დედაქალაქის მერიასაც მოუწია პრიორიტეტების გადანაწილება და ზოგიერთი პროექტის შეჩერება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტშია ასახული და ეტაპობრივად განხორციელდება.

„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა – კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი – როცა ეს გეგმა იცვლება. წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება. ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ქალაქისთვის. მინდა ძალიან მოკლედ შევაჯამო დედაქალაქის მერიის 2020 წლის საქმიანობა: დავიწყებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად განახლებული გვექნება. ასევე, პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. იცით, რომ პირველ ეტაპზე, 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ამას, გამოისყიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას ექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შეიძინოს მიკროავტობუსები.

„რაც შეეხება მეტროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე, გამნიავებელი სისტემა და აგრეგატები მთლიანად განახლდა. დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია15 ახალი შემადგენლობა დაგვემატა. გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. დავიწყეთ ერთიანი, ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა. მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 1 300-ზე მეტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცათ საცხოვრებელი ფართები.

„ასევე, 1 572 ერთეული მიწის ლეგალიზება მოხდა. ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ; პანდემიის პირობებში ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათები პაკეტი შეეხო 3 000-მდე მეწარმეს; 2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს; წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; დაირგო 47 384 მწვანე ნარგავი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში, 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი; 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად. მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურულ-შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით. დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას; სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს. კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია, ასევე მოგვარდა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების პრობლემა. ბოლოში გადის „ცენტრ პოინტის“ საქმე და 6 000 ოჯახს, ვინც ელოდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, მალე მივულოცავთ. დავიწყეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა აღვნიშნო კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მართლაც კარგი პროექტი გამოვიდა; ვარკეთილში, სუხიშვილის და თაყაიშვილის ქუჩებზე ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია; მოსკოვის გამზირზე ორნახევარი კილომეტრის სიგრძის გზაგამყოფის რეაბილიტაცია; გლდანის მიკრორაიონში განხორციელებული პროექტი, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. დავიწყეთ მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. მინდა, ჭავჭავაძის გამზირს შევეხო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ და ყველა ქუჩა, რომელიც მომავალში გაკეთდება, იქნება ზუსტად ამ სტანდარტის და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე. რა თქმა უნდა, ეს მცირე ჩამონათვალია, ძალიან ბევრი პროქტი იქნა განხორციელებული, მათ შორის, ცალკე გამგეობების მხრიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.