კახა კალაძე - ოპოზიციური მედიასაშუალებები თავად ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას, მათი საქმიანობა დაფუძნებულია სიცრუეზე, ეს ტელევიზიები აღვივებენ შუღლს და ხელს უწყობენ პოლარიზაციას
ევროპელი ბიუროკრატების სურვილი იყო, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, არამედ მათი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას ქარცეცხლში შეაგდებდნენ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მიმართვას, რომელიც მან საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხის შესახებ გაავრცელა.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური მედიასაშუალებები საკუთარი თავის დისკრედიტაციას თავად ახდენენ.
„რაში სჭირდება მედიას დისკრედიტაცია? შეხედეთ და დააკვირდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს, მათ სატელევიზიო პროგრამებს, საინფორმაციო გამოშვებებს. ისინი თავადვე ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მათი საქმიანობა დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს ტელევიზიები აღვივებენ შუღლს ქვეყანაში, ხელს უწყობენ პოლარიზაციას.
რაც შეეხება იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდნენ და არიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მათი სურვილი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა პატრიოტი ადამიანები, ვინც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს დაიცავდნენ, არამედ მათი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას ქარცეცხლში შეაგდებდნენ. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. წარმოუდგენელია, რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება და ეს უკრაინელი ხალხის ინტერესში არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. როდესაც მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსენითო, პრინციპული პოზიცია დავიცავით. ეს ნაბიჯი არ გადავდგით, მიუხედავად უამრავი მუქარისა და შანტაჟისა. რეზოლუციები მიიღეს, რომ სანქციებს მიუერთდითო. ჩვენ დავდექით ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ქვეყანას დავაზიანებდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ 3 მაისს გაავრცელა ელჩ გარეტ უორდის მიმართვა, სადაც ის აღნიშნავს: „მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს თავისუფალი და ობიექტური მედია, ვინაიდან ეს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური შემადგენელია“.