კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებენ, ისედაც ბევრი აქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში არიან
მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. ვიდრე ამას არ გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე ექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.