კახა კალაძე - „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო, ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ
მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა – მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს გაერთიანება იყო გარედან მიცემული მითითებების შედეგი.
„არავის შიდა საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ, უბრალოდ, რაც ზედაპირზე ჩანს, იმის შესახებ ვიტყვი. ყველას გვახსოვს, რამდენიმე კვირის წინ რამხელა აურზაურითა და ზარ-ზეიმით გვამცნეს ერთობა, თუმცა მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ეს იყო თავს მოხვეული, გარედან მიცემული მითითებები და შედეგიც სახეზეა. ყველაფერი ნათელია, თუ როგორ უპირისპირდებიან და ლანძღავენ ერთმანეთს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გარედან იმართებიან, ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ და ქვეყნის მტრები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მათ ვერ მართეს ხელოვნურად შექმნილი ერთობა.
„მათ საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ, რისი პრეტენზიაც აქვთ? შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ყველამ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან, ვინ არიან და ვინ აძლევს მითითებებს. მათი ერთობა, რა თქმა უნდა, გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა. ეს იყო გარედან მიცემული მითითება თავიანთი პატრონების მიერ“, – აღნიშნა კალაძემ.
სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაწყებული დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ის არ უღრმავდება ამ საკითხებს, თუმცა ნათელია, რომ არსებობს განხეთქილება და პრობლემები ამ გაერთიანებებში.
„არ ვიცი, თავად ფაქტი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ამით ალბათ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოძიება დაადგენს, მაგრამ რაზეც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, მძიმე და ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.
მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“.
ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.