კახა კალაძე – ნუ გვექნება ილუზია, რომ ეუთო-ს რეზოლუცია რამე არგუმენტებზე დაყრდნობით არის მიღებული, სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი
აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის ობიექტურობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები არგუმენტებს ეყრდნობა.
„სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი. გულდასაწყვეტია, ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთო-ა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად?“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ევროპული სტანდარტი, ვიდრე მსოფლიოს ე.წ. დიფ სთეითი მართავს.
„არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი. შეხედეთ, რა ხდება მსფლიოში, ვისაც აქვს ძალა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან განსხვავებული დამოკიდებულება იქნება ამაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რაც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.