კახა კალაძე - ნოდარ ტურძელაძე არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს
კახა კალაძე - ნოდარ ტურძელაძე არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს.

თბილისის მერმა ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მან წლების განმავლობაში, ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„როგორც იცით, პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა. ერთ-ერთი წარმომადგენელი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეა. ის ჩვენი გუნდის წევრია. წლების განმავლობაში გამგებელი იყო და ამ პერიოდში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მეამაყება, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ და შევძელით იმ სირთულეებზე და გამოწვევებზე ღირსეულად გვეპასუხა, რომელიც ვაკის რაიონს აქვს. პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. დღე და ღამე მუშაობა მოგვიწევს, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არა მხოლოდ ვაკის რაიონში, არამედ მთლიანად დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ნოდარ ტურძელაძის მიერ გამგებლის თანამდებობის დატოვებას, თბილისის მერის თქმით, ეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.

„მინდა, ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები ვუსურვო. მჯერა, ის აუცილებლად ღირსეულად გაიმარჯვებს. მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რაც შეეხება გამგებლის თანამდებობის დატოვებას, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.