კახა კალაძე - მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს
კახა კალაძე - მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს

კონკრეტულ ერთ პარტიასა და მის შენაერთებს არა აქვთ შეთანხმების სურვილი, თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის საკითხზე.

კახა კალაძე დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, შეხვდეს ოპოზიციას, როგორც ერთად, ასევე პარტიებს ინდივიდუალურად.

„ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – აშშ, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან და ვერ მიიღწევა კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო 100/50-ზე, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ბრიფინგებითა და ინტერვიუებით. შესაბამისად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად, მათ წარმომადგენლებს. მზად ვართ, ასევე შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ. ამის პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.