კახა კალაძე - მზად ვართ, მომდევნო წლების განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გემსახუროთ
კახა კალაძე - მზად ვართ, მომდევნო წლების განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გემსახუროთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტზე მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა. თბილისის მერი სცენაზე სასწრაფო დახმარების, საგანგებო სიტუაციების, დასუფთავების, დაცვის სამსახურის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.

„მივესალმები ჩვენს დედაქალაქს, სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენს ემიგრანტებს უცხოეთში. მინდა, ყველას მივულოცო ახალი, 2018 წელი. მე დღეს მარტო არ მოვსულვარ. ჩემთან ერთად იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არაინ ჩვენს სამსახურში და ჩვენ მზად ვართ, მომდევნო წლების განმავლობაში ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გემსახუროთ თქვენ. მე მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა, ბედნიერება, მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე. მჯერა, 2018 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქნება წარმატების წელი. მინდა, ამ წარმატებაში ყველამ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა იქნება გაბრწყინებული და ერთ-ერთი საუკეთესო. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საახალწლო კონცერტის წამყვანის კითხვაზე, რას ჰპირდება თბილისის მერი მოქალაქეებს, როგორი იქნება 2018 წელი, კალაძემ განაცხადა:

„გპირდებით, რომ 2018 წლის ბოლოს, მომდევნო, 2019 წელი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო უკეთესი, რადგან ჩვენ გვქონდა ძალიან ცოტა დრო, მოვმზადებულიყავით საახალწლოდ. თუმცა, ძალიან მიხარია ის, რასაც ვხედავ დღეს, რაც ხდება ჩვენს დედაქალაქში. შემიძლია, აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვა, რომ ნამდვილად სახალხო დღესასწაულია, ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული, რისთვისაც ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ თანადგომისთვის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ერთად დგომა, ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მომდევნო 2018 წელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საახალწლო კონცერტებს ასევე დაესწრება გლდანსა და ვარკეთილში. მისივე თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანში საახალწლო კონცერტების გამართვის ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ყველა მომღერალი არის მაქსიმალურად ჩართული, მონაწილეობს ამ საახალწლო კონცერტებში. ახლა ვიმყოფებით ევროპის მოედანზე. აქედან მივდივართ გლდანში, შემდეგ მივდივართ ვარკეთილში, რომ იქაც მივულოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსულია კონცერტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.